azrebi da gamonaTqvamebi

კაცობრიობას ჰგონია, რომ მან რაღაცა უკვე ააშენა- სინამდვილეში ჯერ არაფერიც არ აუშენებია- იგი მხოლოდ აშენებს საძირკველს რაღაც გრანდიოზულისათვის, თვითონაც, რომ წარმოდგენა არა აქვს.

სავარაუდოა, რომ შოთას შუბი და ფარ-შიმშერი ხატოვნად აქვს ნათქვამი და იგი სამეფო ხმალს, ძალაუფლებას, მეფის სტატუსს ნიშნავს გადატანითი მნიშვნელობით. რაღა თქმა უნდა, როდესაც თამარი თავის ქმარს სალაშქროდ უშვებდა, თავის უზენაეს, შეუზღუდველ უფლებებსაც ანიჭებდა მრძოლის დროს, რადგან თვითონ არ შეეძლო, როგორც მეფეს, ბრძოლაში მონაწილეობა. ამრიგად სტროფი: ვის შვენის,- ლომსა,- ხმარება შუბისა, ფარ-შიმშერისა,- მეფისა მზის თამარისა... იმას კი არ ნიშნავს, რომ დავით სოსლანი მეფე თამარის ლომია და ფარ-შიმშერის ხმარება შვენის, არამედ იმას, რომ ლომს ანუ დავით სოსლანს თავის ფარ-შიმშერის ანუ სამეფო საჭურვლის, საჭურვლისა, რომელიც მეფის ძალაუფლებას გამოხატავს, იმ საჭურვლის ხმარება შვენის. შოთასაც ხომ ასე უწერია ყოველგვარი ჩართული წინადადებების გარეშე, მარტივად და გასაგებად.

- რატომ დაინგრა ბაბილონის გოდოლი? - იმიტომ რომ, მისი მშენებლები ყველა გამვლელ-გამომვლელის რჩევა-დარიგებას უგდებდნენ ყურს.

ჰო, ადამიანი მაღაროში, მიწის ქვეშ ისე ცხოვრობს, როგორც თავისი დედის საშოში. როცა შეეჩვევა, იქ ძალიან თბილა და მყუდროებაა.

ჩემში ეჭვს იწვევს- ღირს თუ არა იმის გამო ტირილი, რაც სულერთია ახლა აღარ იქნებოდა. ეს მახსოვრობის ყველაზე დიდი მანკიერი მხარეა. ნეტა ვინ მოიგონა? - რომ არ მომკვდარიყო, ახლა გენერალი იქნებოდაო.- ან- რომ არ მოეკლათ, ლეიტენანტი კი არა, ახლა გენერალი იქნებოდაო. კაციშვილმა არ იცის, რომ არ მოეკლათ, იქნებ ის ლეიტენანტობაც ჩამოერთმიათ. ვინ იცის?

კახეთში ვიყავი, ჭავჭავაძეების მამულში. ფრანგი ტურისტები შემოვიდნენ. ქალები ახლდნენ ფრანგებს გრაციოზულნი, ნარნარნი და ჰაეროვანნი. საღამოს ბანკეტზე დათვრნენ საცოდავები და ქართველის გაგებით "უზნეოდ" იქცეოდნენ, კოცნიდნენ გლეხებს. აივანზე გამოვედი. ერთი შეზარხოშებული კახელი ელაზღანდარებოდა მეორეს. - თედო, ერთი მაგ მადმუაზელსა მანდ მიაზილე!!!- თან ქირქილებდა. ღმერთო, როგორ მიყვარან ეგ კახელები, რა გულუბრყვილო, პირდაპირი და განსაცვიფრებელი იუმორი აქვთ.

- ლასა მოკვდა, წადი ნახე ბიჭო! მივედი, ვნახე, ლასა ცოცხალი დამხვდა. ერთად წავედით კირილეს სამძიმარზე. ასე განმეორდა ბევრჯერ... ას წელს იცოცხლა ლასამ.

დაბადება- თავისთავად არის უსაზღვრო ლტოლვა თავისუფლებისაკენ და სინათლისაკენ და რა ძნელია და მტკივნეული ეს პროცესი, მხოლოდ მშობიარე ქალმა იცის. ჩვენ ხშირად ვხვდებით ამ პროცესის მოწმენი, მაგრამ ამაზე არასოდეს გვიფიქრია.