azrebi da gamonaTqvamebi

ხანდახან უცნაური გრძნობა შემიპყრობს- მინდა ისეთი ერის პატარა შვილი ვიყო, დამოუკიდებლობის პრეტენზია არ მქონდეს, ხოლო სხვას- ჩემი ქვეყნის დაპყრობის სურვილი. ო, რა ბედნიერი იქნებოდა ასეთი ყოფნა!

ღმერთმა მოქანდაკეს ტალახიდან ადამიანის კეთება კი ასწავლა, მაგრამ სულის შთაბერვა არ ასწავლა. ეგეც რომ ესწავლებინა, ადამიანი ღმერთს აღარ იწამებდა.

დიდი ხნის წინ მოვიკლავდი ბატონო თავს, მაგრამ არ მინდა მკვლელი გავხდე, თანაც ისეთი უდანაშაულო ადამიანისა, როგორიც მე ვარ. ძნელია ჩემნაირი კაცის სისხლი და ცოდვა ედოს კაცს კისერზე. ხანდახან იმასაც ვფიქრობ, ასეთ ნაძირალაზე როგორ გავისვარო ხელი-მეთქი.

მე იმ თაობას ვეკუთვნი, რომელსაც პაოლო იაშვილის სახელის ხსენებაზე პირზე ხელს აფარებდნენ შეშინებული მშობლები. M მე იმ თაობას ვეკუთვნი, რომელთა თვალში ზოგიერთი ცდილობდა, პაოლოს ჭეშმარიტად რაინდული საქმეები ისე დაეხურდავებინა, როგორც იესოს ჩადენილი სასწაულები, მისი შემოქმედება ჰგავს დანგრეულ ტაძარს, მაგრამ მან მაინც მოასწრო ხმის გამოღება ვით დიდმა ზარმა, სამრეკლოდან ჩამოგდებულმა და ხმა იმ ზარისა მაინც შეეხო ჩვენს გულებს და ააჩქარა და ააღელვა და ახალი ძალით ააძგერა იგი. მე, ჩემი მადლიერი თაობის სახელით მოწიწებით ვხრი თავს მისი ნიჭიერების წინაშე. რაოდენ დიდი უნდა ყოფილიყო მკრეხელობა, ცინიზმი და სულმდაბლობა, რომ მისი სტრიქონების ავტორისათვის სამშობლოს ღალატი დაებრალებინათ. რაოდენ სულმდაბალი უნდა ყოფილიყო ის ადამიანი, რომელმაც ამ სტრიქონების ავტორს ხალხის მტრის დაღი დაასვა და ხალხის ღალატი დააბრალა. მაგრამ რაოდენ დიდი უნდა იყოს ერის ბუნება, რომელიც არ აჰყვა კაენის სულის აღზევებას _ როგორც ეს ბრძანა პოეტმა და კვლავ აამაღლა თავისი წაქცეული შვილი. ნეტავ რა მოკლავს პაოლო იაშვილს, რომელსაც ისეთი ჭირისუფალი ჰყავს, როგორიც ქართველი ხალხია. და თუ ლექსი და სიყვარული უკვდავია, მაშინ უკვდავია პაოლო იაშვილიც.

ზოგიერთი მწერალი ზღვას ჰგავს თავისი მღელვარებით, ზოგი მთას, დიდებულებითა და ზვიადობით, ზოგი კიდევ ნაირფერადი ყვავილებით მოჩითულ, თვალუწვდენელ, მშვენიერ ტრამალს. გამსახურდია არც ერთ მათგანს არ ჰგავს. იგი ცეცხლგამძლე აგურით ნაგები, მარადიული ცეცხლის შემნახველი, მკვიდრი ბუხარია. როგორც ქარბუქში დამზრალსა და იმედგადაწყვეტილ კაცს მიწვდება ხოლმე შორეული საკვამურიდან აღმომხდარი კვამლის სასიცოცხლო სუნთქვა და მიაშურებს ხოლმე მას სულის გასათბობად, ისე დგას გამსახურდია თითქმის საუკუნეა თავისი ხალხის იმედად ქართულ ლიტერატურაში. ხალხში მწერლებზე ასეთი წარმოდგენაა: მწერალმა ყოველ წუთს, ყოველ წამს სული უნდა უბეროს ქართულ კერას, რომ არ ჩაქრეს იგი, და არ განელდეს ცეცხლი ეროვნული. გამსახურდია თავად არის ეს ცეცხლი, სახმილი, შეშა და ბუხარი მოგიზგიზე. იგი ოქრომჭედელია ქართული სიტყვისა და თუმცა მის სიტყვას სინატიფე და სილამაზე არათუ აკლია, არამედ ზედმიწევნითაც აქვს მომადლებული, იგი დაზგას კი არ უზის, ზიზილპიპილოებს, საყურეებს, ბეჭდებს და სამაჯურებს კი არ ჭედს და აგვირისტებს, იგი მკლავებდაკაპიწებული, ცეცხლისაგან სახეგარუჯული გრდემლთან დგას უროთი ხელში და სამეფო მუზარადებს, საომარ აბჯარს, ჯაჭვის პერანგებს, სატევრებსა და ფარშიმშერს სჭედს ლურჯი ფოლადისაგან. აი, ვინ არის კონსტანტინე გამსახურდია. Mმცდარია აზრი, თითქოს რუსთაველიდან დღემდე ენის ხიდი გამსახურდიამ გადოო, - მცდარია იმიტომ, რომ რუსთაველიდან დღემდე ნაპრალი, ხრამი და უფსკრული არ ყოფილა, რომ ვინმეს ზედ ხიდები ეშენებინა. იყვნენ გურამიშვილი, საბა-სულხანი, ბარათაშვილი, ილია, აკაკი, ვაჟა, გალაკტიონი და სხვანი. გამსახურდიას არ სჭირდება ხიდების მშენებლის მოგონილი პროფესია; იგი მარგალიტის მაძიებელი იყო და ქართული ენის უსაზღვრო ოკეანის ფსკერიდან სხვაზე მეტი მარგალიტი ამოჰქონდა და აბნევდა ქართული პროზის ნოყიერ ხნულში. ეს იმიტომ, რომ სხვაზე ძლიერი ფილტვები ჰქონდა და სხვაზე უფრო გამჭრიახი თვალი. შემაძრწუნებელი სიმართლის თქმა იცოდა ბატონმა კონსტანტინემ: ისევ და ისევ ერის სასიკეთოდ: `ჩვენში ყველა ნაბიჭვარს აზნაურობა სწყურია, ყოველ ნაცარქექიას – სარდლობა . . . პიპა. . . . მუდამ ჩვენს სიმცირეს მივსტირით, რადგან მტერი აურაცხელი გვყავდა, მაგრამ დიდი კაცი თუ გამოგვერია, ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები . . .~ განსაცვიფრებელი იყო ოცდაათიანი წლების ქართულ პროზაში თანამედროვეობის ისეთი მძაფრი აღქმა, მხატვრულ ფერებში მოქცევა და მათი ლიტერატურაში გადმოტანა, როგორი გაბედულებითაც ამას გამსახურდია აკეთებდა.

მზესა და გენიოსებს ორი თვისება აქვთ: ორივე საოცრად ნათელია და ორივე სიცოცხლის შემოქმედი. ახლა მე მზეზე კი არა, აკაკიზე მოგახსენებთ. ალბათ, 7 თუ 8 წლის ვიქნებოდი, კარგად არც კი მახსოვს, აკაკის `განთიადი~ რომ მასწავლეს. ვისწავლე და გავოცდი იმიტომ კია არა, რომ აკაკის გენიოსობა შევიგრძენი, არა – ავხედე ცას და ფირუზის ფერი იყო, დავხედე ხმელეთს და ზურმუხტის ფერი იყო, სამშობლოსთვის რომ უნდა მოვმკვდარიყავი, ეს დედისგან ვიცოდი და გამიკვირდა ასე თავისუფლად, ასე უბრალოდ, ასე გასაგებად ამას ხომ მეც ვიტყვი – მეთქი. . . და აი უკვე 40 წელია ვეჯიბრები აკაკი წერეთელს, რომ განთიადის მსგავსი ერთი ლექსი მაინც დავწერო და ბოლოს მივხვდი, რომ მთელი ჩემი შემოქმედება ამ ლექსის ერთი სტრიქონის ფასადაც არ ღირს. და მე კიდევ ერთს მივხვდი, კერძოდ, იმას, რომ `განთიადი~ კაცის დაწერილი არ არის, ასეთ ლექსებს ადამიანები არ წერენ, ეს მათ ძალღონეს აღემატება. დიახ, ეს ლექსი ღვთის ბაგიდან არის გამოსული და ნაკარნახევი. ერი და ერისკაცი ზიარ ჭურჭელს ჰგავს, ისინი ერთმანეთს ავსებენ და აცოცხლებენ. როგორც დღე მისდევს დღეს, ისე მიდიან თაობები და ცვლიან ერთმანეთს, მაგრამ აკაკი, ბულბული საქართველოსი, შუამავალი ცისა და მიწისა, უცვლელია. იგი ყოველ დილას ამოდის საქართველოს ცაზე ბრდღვიალა მზესავით, რომ ნათელი მოჰფინოს სულ ახალ და ახალ თაობებს.

საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, შავ ხავერდზე პატარა, ფრჩხილისოდენა ტყვია დევს, ბერდანის ტყვია, რომელმაც 1907 წლის 30 აგვისტოს ჯერ ილია ჭავჭავაძის და მერე მთელი საქართველოს გულში გაიარა. და ახლა დევს ეს ტყვია მუზეუმში, როგორც შემზარავი სახსოვარი ერის ტკივილისა, განცვიფრებისა, სასოწარკვეთისა, აღშფოთებისა და მრისხანებისა. ახლა ყველაფერი ეს ისტორიაა, - იტყვის ვინმე, მაგრამ შეიძლება ერისათვის ისტორიად იქცეს ენა მისი, ანბანი მისი, აზრი მისი, გონება მისი, და დროშა მისი?! განა შეიძლება წარსულად იქცნენ ჰომეროსი, დანტე, სერვანტესი, რუსთაველი, პუშკინი, ილია, ადამიანები, რომლებიც დროშასავით უძღვიან წინ თავიანთ ერებს დღიდან დაბადებისა და საუკუნიდან საუკუნეში უნათებენ გზას? ცხადია არა. ილია იქ დგას, მომავალ საუკუნეებში და ყოველი წელი არათუ განშორებაა მასთან, არამედ მიახლოება. ადამიანებს ბავშვობაში ვარსკვლავები ისეთი პატარები და ახლობელი გვეჩვენება, როგორადაც კიაფობენ და ჩანან ისინი ცის კაბადონზე. მხოლოდ შემდეგ, ბუნების კარს რომ შევაღებთ, ვხვდებით თუ რაოდენ დიდია ყოველი მათგანი, რამხელა ენერგიას ინახავს, რა ვეებერთელა მაგნიტური ველი და რაოდენ დიდი მიზიდულობა გააჩნია თითოეულ მათგანს. სწორედ ასეთი ვარსკვლავია ქართველი ერისთვის უკვდავი სახელი ილია ჭავჭავაძისა და მარადიულია სხივი გამომდინარე მისგან. როგორც ყველა დიდი ერისკაცი და მამულიშვილი, ილიაც მთაწმინდას მიაბარა დამწუხრებულმა საქართველომ, მაგრამ მისი დიდება საფლავში არ ჩაეტია.

არაფერი ისე არ ამახსოვრდება ადამიანს, როგორც ბავშვობისას ძილისპირს დედის მიერ თქმული ზღაპარი, იავნანა, წაკითხული ლექსი, ან ამბავი რამე. მე არ მახსოვს, რამდენი წლისას მიკითხავდა დედა ,,ვეფხისტყაოსანს’’, ან ოდესმე ეთქვას ჩემთვის, ეს ადგილი ზეპირად ისწავლეო. მე მახსოვს მხოლოდ ის, რომ მაშინ კითხვა არ ვიცოდი და ეს უზარმაზარი წიგნი, ,,ვეფხისტყაოსანი’’ რომ ერქვა, მხოლოდ ლამაზი, ფერად – ფერადი სურათებით გაწყობილი ყუთი იყო ჩემთვის, რომლიდანაც დედაჩემი ცისარტყელასავით ჭრელ, ლამაზ სიზმრებსა და ძილისმომგვრელ სიმღერებს ალაგებდა, მიწყობდა სასთუმალს და ალბათ ისევ დედის გამოა, რომ ეს ლამაზი უკვდავი წიგნი დღემდე მიდევს სასთუმალს, როგორც: ავადმყოფს _ წამალი, ხეიბარს _ ყავარჯენი, მეომარს _ იარაღი და მწერალს ქართული სიტყვის თვალმარგალიტით სავსე, აუწონელი საუნჯე და სალარო. მე ახლაც მიკვირს წერა – კითხვის უცოდინარმა ბავშვმა როგორ ვისწავლე ყოველგვარი ძალდატანების გარეშე ზეპირად: `აწ საყვარელსა მიუწერს გულ-ამოსკვნილი, მტირალი, მისმანვე ცრემლმა დაუვსის, ვის ედებოდეს ვის, ალი. დაწერა წიგნი, მსმენელთა გულისა გასაგმირალი, ვარდი გააპის, გამოჩნდის მუნ ბროილ გამომჭვირვალოი. ჰე, ჩემო, ესე უსტარი არს ჩემგან მონაღვაწები, ტანი კალმად მაქვს, კალამი _ ნაღველსა ამონაწები, მე გული შენი ქაღალდად გულსავე ჩემსა ვაწები; გულო, შავ – გულო, დაბმულხარ, ნუ აეხსნები, აწ ები!~ აღარაფერს ვამბობ ,,ავთანდილის ანდერძზე’’, რომელიც საერთოდ ჩემ მიერ ქვეყნად რომელიმე ლექსის შექების უნარის მიღმა დგას. ცნობილია, რაბინდრანატ თაგორის ლექსებს ბენგალიელი წერა – კითხვის უცოდინარი მეთევზეებიც კი მღერიან, მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობას მათი შინაარსი არ ესმის, მაგრამ იმდენი ღვთიური, ზეციური მუსიკაა შიგ ჩაქსოვილი, იმდენი სითბო და ისეთი სულშიჩამწვდომი იდუმალება, და ყოველივე ამასთან ერთად ისეთი გასაოცარი უბრალოება, რომ ლექსი თავისთავად მღერის და ვისაც უსაუბრია ამ ბენგალიელ მეთევზეებთან, ამბობენ, რომ მეთევზეები ირწმუნებიან, ყველაფერი გვესმის, ყველაფერს ვგრძნობთ, განვიცდით, ოღონდ ვერ ვამბობთო, და მე მჯერა მათი. . . აბა ნახეთ, განა შეიძლება ქვეყნად იყოს რამე ამაზე გასაგები, ამაზე უბრალო, ამაზე სადა, ლამაზი და გენიალური?! `იყო არაბეთს როსტევან, მეფე ღმრთისაგან სვიანი, მაღალი, უხვი, მდაბალი, ლაშქარ – მრავალი, ყმიანი, მოსამართლე და მოწყალე, მორჭმული, განგებიანი, თვით მეომარი, კვლა მოუბარი წყლიანი.~ ასე უმარტივესი, უბრალო და განსაცვიფრებლად სადა აკორდებით იწყება ბეთჰოვენის ,,მთვარის სონატაც’’ და ,,აპასიონატაც’’, რასაც შემდეგ მოსდევს აბობოქრებული, ყოვლის უზენაესი, სულისა და გულის დამდუღებელი და წამლეკავი ოკეანის მოვარდნა და მოქცევა. . . ერთი რამ არის ფრიად საგულისხმო: ძველი ქართულის არასპეციალისტთათვის, ისევე უბრალო მოკვდავთათვის, როგორიც მე ვარ და მრავალი ქართველია, არათუ მეთორმეტე – მეცამეტე საუკუნის ქართული ენა, არამედ გაცილებით უფრო გვიანდელიც კი თითქმის გაუგებარია ლექსიკონის გარეშე. მაშ, რაღაშია საქმე, რატომ არის ,,ვეფხისტყაოსანი’’ ასე გასაგები ყველა ქართველისათვის, დაწყებული გუთნისდედიდან, ან თუში მწყემსიდან, ვიდრე ატომური რეაქტორის მაღალკვალიფიციური ინჟინრისთვის? საქმე ისაა, რომ ალბათ რუსთაველი იყო პირველი ქართველი მწერალი, რომელიც მიხვდა, რომ მხოლოდ ხალხს შეუძლია მისცეს უკვდავება ლიტერატურულ ქმნილებას, რომ ხელოვნება მხოლოდ ხალხის საკუთრებაა, რომ მხოლოდ ხალხია განმსჯელი ლიტერატურული ქმნილების ავკარგიანობისა და მხოლოდ ხალხს შეუძლია შეუნახოს შთამომავლობას სიტყვა წინაპრისა. და მან პირველმა მწერალთა, პოეტთა, მოშაირეთა შორის საქართველოში დაწერა თავისი გენიალური ქმნილება ხალხის ენაზე, საერო ენაზე, და სასწორზე დადო საკუთარი ლიტერატურული კარიერაც, კეთილდღეობაცა და შემოქმედებაც. და თუ თვალს გადავავლებთ საუკუნეების მანძილზე ,,ვეფხისტყაოსნის’’ გარშემო შექმნილ პოლემიკას და ნრძოლას მის წინააღმდეგ, ერთ – ერთი მთავარი ბრალდება რუსთაველის მიმართ სწორედ ის გახლავთ, რომ მისი ნაწარმოები საეროა და არა სასულიერო, არა მხოლოდ სამეფო სასახლის, ეთიკეტის, ტრადიციის ენაზე დაწერილი. ამიტომ სულაც არ არის გასაკვირი, თუ რატომ იქნა უარყოფილი თავის დროზე ,,ვეფხისტყაოსანი’’. განა ამის გამო არ უარყო, თავის დროზე კონსერვატულმა ინგლისმა, კაცობრიობის სიამაყე შექსპირი, რომელმაც ლიტერატურაში ხალხის, დემოსის, ,,ბაზრული’’ სალაპარაკო ენა შემოიტანა?! და საყოველთაო საკუთრებად, ხალხის საკუთრებად აქცია თავისი გენიალური ქმნილებანი?! აქ ორმხრივ ურთიერთგამდიდრებასა, გადარჩენასა და გაუკვდავებასთან გვაქვს საქმე. ისე, როგორც რუსთაველმა და შექსპირმა უკვდავყვეს თავიანთი ენა და ხალხი, ისე უკვდავყო ხალხმა და ენამ მათი სახელები. განა ასე არ მოიქცა ქართველ განმანათლებელთა ჯგუფი ილიას, აკაკის, გოგებაშვილის, ვაჟას და სხვათა სახით, რომლებაც არც მეტი, არც ნაკლები გადაგვარებას გადაარჩინეს ქართველი ერი და ენა მისი იხსნეს იმ კონსერვატიზმისაგან, რომელიც ელის ყველა ერის ენას, რომელიც ცდილობს ხელოვნურად შეაფერხოს ის ბუნებრივი პროცესები, რომლებიც თან სდევს კაცობრიობის განვითარებას, სხვადასხვა ცივილიზაციისა და ერის თანამშრომლობასა და ურთიერთობას. . . . ერთ – ერთ შეხვედრაზე, რომელიც ამას წინათმოსკოვში ჩატარდა, ასეთი შეკითხვა მომცეს: _ როგორია როლი ,,ვეფხისტყაოსნისა’’ თანამედროვე ქართული ლიტერატურის განვითარებასა და საერთოდ საქართველოს სულიერ ცხოვრებაში? _ ნაწარმოების შეფასებას, რომელიც აგერ რვა საუკუნის მანძილზე აძლევს სულიერ საზრდოს საქართველოს, და ვინ იცის, კვლავ რამდენ საუკუნეს იქნება იგი ჩემი ერის სულიერი საუნჯე, ამის ახსნას, არა მგონია, ჩვენი დღევანდელი შეხვედრის დრო ეყოს, და მარტო ეს დრო კი არა, მთელი ჩემი სიცოცხლეც კი. და თუ თქვენ მე გიყვარვართ, თუ გჯერათ ჩემი, და თუ მთვლით მწერლად, რომლის სიტყვას რაიმე ფასი აქვს თქვენთვის, თქვენ პატიოსან სიტყვაზე უნდა მენდოთ, და უნდა დამიჯეროთ, რომ მსგავსი რამ კაცობრიობას ჯერ არ შეუქმნია. ეს არის მზე რომელიც ჯერჯერობით, საუბედუროდ, საქართველოს ცაზე ბრუნავს მხოლოდ. და მე გულწრფელად მეცოდება და უბედურად მიმაჩნია ის კაცი, რომელსაც ქართულად არ წაუკითხავს ,,ვეფხისტყაოსანი’’, ისევე, როგორც თქვენ, და მეც, რა თქმა უნდა, გვეცოდება და უბედურად მიგვაჩნია ის კაცი, რომელსაც პუშკინი არ წაუკითხავს რუსულად. _ ასე ვუპასუხე და მომეჩვენა, რომ მათ დამიჯერეს. . . . კიდევ ერთი თვისების გამო უყვარს ხალხს ,,ვეფხისტყაოსანი’’. თუ ,,ვეფხისტყაოსანი’’ არ იცი, ძნელად დაგიჯერებს ვინმე, რომ ქართველი ხარ. . . . კაცობრიობის გაჩენის დღიდან არც ღმერთისთვის, არც სიყვარულისთვის, არც მეგობრობისთვის, არც ვაჟკაცობისთვის, არც ქალისთვის, არც კაცისთვის, არც მზისთვის, არც ცისთვის, არც დედამიწისთვის ასეთი დიდებული ჰიმნი ჯერ არავის არ უმღერია!